ჩემი დროებითი და მომავალი სახლი – ნათია ზოიძის რემონტის ისტორია

0

ბანალური იქნება ჩემი სარემონტო გამოცდილება, მაგრამ მაინც მინდა ჩემს ახალ სახლზე და სარემონტო ისტორიებზე მოგიყვეთ. სახლის დიზაინი პროფესიონალის დახმარების გარეშე გავაკეთე, ერთხელ მქონდა ამის გამოცდილება და უკვე წლებია, მივიჩნევ, რომ ეს არამიზნობრივ ხარჯთან ერთად, საინტერესო პროცესიც არაა. თუ გიყვართ ფიქრი, მგონია, რომ შეიძლება დამოუკიდებლადაც გარისკოთ.
ჩემი ახალი სახლი 66 კვ/მ-ია, აქედან 9 კვადრატი აივანია. იმის გამო, რომ აივანს საკმაოდ დიდი ფართობი მიაქვს, არ მინერვიულია. რაღა დავმალო და ჩემი ქმარი კი წუხდა ამ საკითხზე, მე კი ეს ბინა ზუსტად აივნის გამო ავირჩიე (დიდი დავის შემდეგ, ცხადია). უაივნო სახლები აუტანლად მეჩვენება. თვალები დავხუჭე და წარმოვიდგინე, რომ დილით ბათუმის ბულვარიდან ზღვის ჰაერი დაუბერავს, მე ვსვამ ყავას აივანზე, ჩემს ფიქრებთან, გეგმებთან მარტო ვრჩები და რაღაცნაირმა თბილმა ჟრუანტელმა დამიარა, წამომცდა – აი ეს იქნება ცხონება! წარმოიდგინე, ფიქრი რომ მოგბეზრდება და მეზობლების მიერ გაფენილ სარეცხზე გადაერთვები… ბათუმში სარეცხის გაფენა რაცაა, ამას მხოლოდ ბათუმში ვინც ცხოვრობს, ის მიხვდება. აქ შევჩერდები, თორემ ეს თეორიები შორს წამიყვანს.
მოკლედ, აივნის თემა – მოგვიანებით.
უპირველესად აივანზე გასავლელი ვიტრაჟები შევცვალე, შიგნით ან გარეთ გასაღებ კარს გამოვეშვიდობე, ეს ავეჯის უკეთესად განლაგების საშულებას იძლევა და აივანზეც არ გიშლის ხელს.
DSC_0399
ვფიქრობ, სწორი არჩევანია იყიდოთ ე.წ „შავი კარკასი“, ეს გადაკეთებას აგარიდებთ თავიდან. შემდეგი ეტაპი იყო ტიხრები, მივიტანე ცარცი და დავხაზე: აქ სამზარეულო იქნება, აქ შესასვლელი, აქ გარდერობი, აქ საძინებელი. მერე ეს ჩემი, იატაკზე დახაზული „პროექტი“ ჩემმა მეუღლემ ნახა და გადაირია, უნდოდა ისე გაგვეკეთებინა, როგორც მეზობელს აქვს ორი სართულით ზემოთ, ორი საძინებელი და აქედან ერთი უფანჯრო. არგუმენტმა – კუბოში წოლა მერეც მეყოფა, ბოლოსდაბოლოს გაამართლა. ჩვენი დავა ესმოდათ ხელოსნებს და არა მარტო მათ… ერთ მშვენიერ დღეს სახლში რომ მივედი , ხელოსნები ხარხარებდნენ, ჩვენი მეზობლები შემოსულან, აი, ისინი, ორი საძინებელი რომ გააკეთეს. ცოლს უთქვამს, დავანგრიოთ ჩვენი კედლები და ასე გავაკეთოთო, ქმარი გადარეულა. ხელოსნები იცინოდნენ ჩემზე – ეს მარტო მის ოჯახს კი არა, მეზობლებისასაც დაანგრევსო..
რა არის ნომერ პირველი გამოწვევა, როცა სახლის კეთებას ე.წ „შავი კარკასიდან“ იწყებ? ბავშვობაში მე ჩვეულებრივ საბჭოთა ბინაში ვცხოვრობდი, სადაც სამზარეულო სრულად იზოლირებული იყო, სამსახურიდან მოსული დედა კი იძულებით იქ იკეტებოდა, რომ გამოვეკვებეთ. იზოლირებული სამზარეულო პირადად მე საბჭოთა კავშირს და ბავშვობას მახსენებს, ამიტომაც სივრცეების შეზღუდვის კომპლექსი მაქვს. ეს სრულებითაც არ უშლის ხელს ერთ დიდ სივრცეში დასავენებელი ზონების გამოყოფას. მოკლედ, გადავწყვიტეთ – მოვშალეთ საზღვრები, რომელიც ოჯახის წევრებს გაერთიანებაში ხელს უშლის.
ტიხრების შემდეგ პირველი რიგში სამზარეულოს ხელოსნები მოვძებნე.
– როგორი უნდა იყოს ჩემი სამზარეულო? – დავუსვი ჩემს თავს კითხვა.
– თეთრი, რადგან თეთრი ჩემს წარმოსახვაში სივრცესთან, სინათლეთან ასოცირდება – ასეთი იყო პასუხი.
– აჰა, მოდერნი თუ სხვა რაღაც?
– მოდერნი – არა. ზუსტად ვიცი, რომ ეს სტილი ჩემთვის ოფისთან ასოცირდება.
ბათუმში ბევრი საუკუნის წინ აშენებული ძველი სახლია, ინგლისური და ფრანგული სტილის გავლენით. მიყვარს ასეთ სახლებში სტუმრად მისვლა, რადგან ფრაგმენტები ჩემდაუნებურად მამახსოვრდება და მსგავსის ძიებას კაფელ-მეტლახის მაღაზიებში ვიწყებ.
????????????????????????????????????
????????????????????????????????????
????????????????????????????????????
ხანდახან მგონია, რომ ინტერიერის ინდუსტრიას ნიჭიერმა ღმერთებმაც გადმოხედეს. არჩევანი გაცილებით მრავალფეროვანია, ვიდრე 10 წლის წინ. ვიპოვე კაფელი და კერამოგრანიტის ფილები, ჩემთვის ეს, რაც ახლა მაქვს, ფრანგული სტილია. ნელ-ნელა მივაკლიე მთავარ გასაღებს და სახლის სტილზე ჩამოვყალიბდი.
DSC_0016
????????????????????????????????????
ჩვენი სამზარეულოს კარადები მინდოდა რომ ღია ყოფილიყო. ფაიფურის ჭურჭელი რომ გამოჩნდეს და ხელი ადვილად მიმიწვდებოდეს, აი, ცალი ხელით რომ მჭადს მოზელ, მეორით კი ჭიქას წვდები და ყავს ისხამ. გამოვიდა, რომ სამზარეულოს კარადებისთვის ინგლისური სტილი შევარჩიე  [მე ასე მგონია]. როდესაც სამზარეულოს ნახაზი მოვხაზეთ და განვსაზღვრეთ, სად უნდა მომეთავსებინა მაცივარი, ჭურჭლის სარეცხი მანქანა, გაზი, ნიჟარა… ტიხრები უკვე მზად მქონდა.
DSC_0013
ამის შემდეგ განათების და გათბობის წერტილები მოვნიშნე. კიდევ ერთი დეტალი – ე.წ „ბარსტოიკები“ მაღიზიანებს, ამიტომ გადავწყვიტე, რომ ბარის ნაცვლად მოძრავი სამუშაო მაგიდა გამეკეთებინა, თავისი უჯრებით, ის არ არის სამზარეულოს სიმაღლის, რამდენიმე სანტიმეტრით დაბალია, წამოსკუპება მაღალ სკამზეც არ გიწევს, ძალიან გაამართლა. ფართობი მჭირდება, მაგიდას სიღრმეში შევწევ ან გამოვწევ, თავისუფალი ქმედების საშუალებაა, თუ გიყვართ თავისუფლება და უძრავ ნივთებს ვერ ეგუებით შეგიძლიათ გამოცდილება გაიზიაროთ.
DSC_0040
აქ ერთი შეცდომა დავუშვი, სამზარეულოს კაფელში რაღაც დეკორი გამოვიყენე და ამ ფაქტმა ძილი და მოსვენება დამაკარგინა, აღარ მომწონდა და მაგრამ ამის აღიარება და დეკორის მოსროლა თავმოყვარეობას მილახავდა ჩემი ქმრის თვალში, ხოდა მიშველა ჩემმა მეგობარმა დიანამ, რომელმაც რემონტის დროს შემოიარა და დამცინა. მე გადავწვიტე „ესთეტიკის ექსპერტის“ წოდებას შევლეოდი და მარცხი დროზე მეღიარებინა, კაფელის სისადავემ კი სამზარეულოს უკეთ „მოკუწკუწების“ რესურსი გამიჩინა.
????????????????????????????????????
სასადილო სივრცე
სამზარეულო და საცხოვრებელი სივრცე სამუშაო მაგიდით არის გამოყოფილი. ბრებისთვის ადგილი წინასწარ გავითვალისწინე, ჭაღი კი ისე დავამაგრე, რომ პირდაპირ სასადილოდ შერჩეულ მაგიდას დაჰყურებს ეჭვიანი დედოფალივით, თითქოს სამიზნეს აკონტროლებს. კედელზე, სადაც ტელევიზორი მაგრდება, აგურია გამოყენებული, ბუნებრივ რძისფერზე დავტოვე და ძლივს მოვითმინე, რომ თეთრად არ გადამეღება. კონდინციონერისთვის ჩამრთველი ისე მოვნიშნე, რომ ზედმეტად გაბმულ გამობული სადენები თავიდან ავიცილე.
????????????????????????????????????
კედლები უფრო ღია მინდოდა, მაგრამ შერჩეული შპალერი სასურველზე უფრო მუქი აღმოჩნდა და უკან აღარ დაიბრუნეს. დღეს რომ ვაკეთებდე რემონტს, კედლებს შევღებავდი, რადგან საღებავის ფერის პროგნოზირება უფრო ადვილია, ვიდრე შპალერის. კუთხის დივანი ნაჭრის ავარჩიე ვინტაჟის სტილის, რომელსაც მოდერნის ელემენტებიც აქვს. მოსასვენებლად საკმაოდ კომფორტულია. ჯერ ოთახში სხვა არაფერი დევს, მაქვს კუთხე ბუფეტისთვის… გამოვიდა, რომ მოსასვენებელი და სასადილო სივრცე 37კვ/-ია, ეკლექტიკურია, რამდენიმე სტილის შერევა გამოვიდა, რა სტილია, ამაზე დიზინერის ამბიციის მქონე ადამიანებმა იდაონ.
????????????????????????????????????
????????????????????????????????????
????????????????????????????????????
აბაზანა
სააბაზანო ოთახი 5 კვდრატული მეტრია. ვერანაირად ვერ ეტეოდა აბაზანა და საშხაპე მოცემულ სივრცეში და ორიდან ერთი უნდა ამერჩია. მე მაინც აბაზანა ვირჩიე.
DSC_0168
ძირითადად სააბაზანოებს ბუნებრივი განათების პრობლემა აქვთ, ამიტომაც ვცადე, რომ კაფელი მეტისმეტად ღია ფერის ყოფილიყო და არა ბზინვარე, იატაკად თეთრი შეფერილობის, დაძველებული ეფექტის მქონე კერომოგრანიტის ფილები გამოვიყენე, ფრანგულმა სარკემ ძალიან გაამართლა, ბანაობის შემდეგ არ იორთქლება და წამდაუწუმ საწმენდიც არაა, პირსაბანი ნიჟარის მაგიდად კვარცი გამოვიყენე და სარეცხი მანქანაც შიგ მოვათავსე, თუმცა 10 წლის სესილია ვერ წვდება და პირს აბაზანაში იბანს.
DSC_0185
DSC_0214
აივანზე დამონტაჟებული სარეცხი მანქანაც არ არის ცუდი იდეა. წარმოიდგინეთ, გაქვს კარადა, სადაც მოთავსებულია გათბობის ქვაბი ქვემოთ კი სარეცხი და საშრობი მანქანა.
აბაზანაც, მგონი, ინგლისური სტილში გამოვიდა. აი, საქართველოში კი მართლა ვერ ვიშოვე სააბაზანოს ლამაზი ფარდა, რადგან შუშებისთვის ფული არ დამრჩა და ონლაინ შოპინგი აუცილებელი გახდა. გამოვიწერე ტილოს ფარდა ინგლისური სოფლის ორნამეტებით, თეთრ და ლურჯ ფერში. ძალიან ვეცადე, აბაზანა რაც შეიძლება მეტად დამსგავსებოდა ოთახს, კარიც ისეთი შევარჩიე ხის, თეთრი, ზემო ნაწილში შეუმჩნეველი მსუბუქი ჩუქურთმით. პირსახოცებისთვის – კალათებია, უახლოეს მომავალში ორქიდეების დამატებას ვგეგმავ, საბაზანოს მაგიდა იმდენად გრძელია, რომ დიდი ფანტაზია სულაც არ არის საჭირო მის მოსაწყობად.
DSC_0187
DSC_0194
საძინებელი
კედლის ნიშაში, სადაც საწოლია, ღია სალათისფერი შპალერი შევარჩიე წვრილი, ინგლისური ვარდებით. წინასწარ გამოვყავი ადგილი საგარდერობე ოთახისთვის, სადაც გავითვალისწინე ადგილი კიბისთვის, მტვერსასრუტისთვის და საუთოო მაგიდისთვის. საძინებელში მიდგას საწოლი, ხის ერთი მოგრძო სავარძელი და მეტი არაფერი.
DSC_0005
DSC_0131
DSC_0136
ჩემი სამი შვილიდან მგონი არც ერთი ისე არ მგავს, როგორც ჩემი სახლი. ვაღიარებ, ეს სახლი ალბათ ჩემი ამჟამინდელ განწყობას, ასაკს, გემოვნებას შესაბამება. მე რატომღაც მგონია, რომ სახლით ადამიანის მსოფლმხედველობის, ხასიათის, ტემპერამენტის გამოცნობაც შეიძლება. სახლი, მგონი, მისი მფლობელების შესახებ ყველა კითხვაზე პასუხია. არ ვიცი 15 წლის წინ მომინდებოდა თუ არა ასეთ სახლში ცხოვრება, შეიძლება მომწყინებოდა, ალბათ უფრო მეტი სიგიჟის ჩადენა მომინდებოდა. ახლა ასე არ მოხდა.
რემონტს დაახლოებით 4 თვე დასჭირდა, ხან კედლები შრებოდა, ხან ვერ ვთანხმდებოდით, ხან ხელოსანი იგვიანებდა. რემონტის დასრულების შემდეგ ვიზიტორების მოსვლის პროცესი იწყება, მოდიან ისინი, ვინ რემონტის დაწყებას გეგმვს, ვინც შუაგზაზეა, ვინც უკვე ახლახანს მორჩა, მერე შენ მიდიხარ მათთან, თუ არ მოგწონს, ამბობ: „მომწონს, მაგრამ ჩემი არაა“ – ეს ზრდილობიანად იმის თქმაა, რომ არ მოგეწონა. ყველას ფრაზა მახსოვს, რა თქვეს პირველად რომ მოვიდნენ ჩემს სახლზე.
DSC_0128
რემონტის დასრულებაა სულაც არ არის საკმარისი, რომ გადახვიდე და იცხოვრო. მე ერთი თვე ვეჩვეოდი სახლს. ჩემი მეგობარი რუსო მოდიოდა საღამოობით და ავტომატურად ვუმეორებდი ერთსა და იმავე კითხვას: რუსო, ვარგა, ხო? სანამ პასუხები არ მობეზრდა, რუსოც მოდიოდა და მისი აღფრთოვანებით დამაჯერა, რომ კარგი სახლია. ამბობდა: ყველგან სტილი იგრძნობაო. ძალიან მადლიერი ვარ მისი.
DSC_0155
DSC_0079
DSC_0091
ჯერ კიდევ ბევრი რამ აკლია ჩემს სახლს: ნივთები, ნახატები, ფოტოები, სანთლები, მცენარეები… ჯერ ჩემს აივანზე მხოლოდ წითელი ნეკერჩხალის ტოტები მოჩანს, ჯერ ისეთი პატარაა, რომ შეხედავ, მოგერიდება თქვა, ქარი არხევსო…
ვაღიარებ, ჩემი მიზანი სახლთან დაკავშირებით აქ არ ჩერდება. მე ვოცნებობ, რომ საბოლოოდ შევძლო და ბათუმური ბელეტაჟი ვიყიდო. ძველი, ისტორიული ბათუმი ძალიან ჰგავს ნიუ ორლეანს, ნავსადგურის მქონე ქალაქის ხალხი რაღაცით ჰგავს ხოლმე ერთმანეთს, ალბათ ამიტომაც არის მსგავსება სახლებს შორის. მინდა სახლს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი ჰქონდეს, მე ვიამაყებ ამ სახლში ცხოვრებით, ჩემთვის ეს არის დასაცავი ღირებულება.
ჩემი ოცნების სახლის ინტერიერიც ალბათ ნიუ ორლეანს, ქალაქს, რომელიც ჯაზის და კულტურული მემკვიდრეობის ფესტივალის სამშობლოა, მოაგონებს ვინმეს. მე ალბათ ამ დროს უკვე პენსიორი ვიქნები და ხშირად ვივლი არქივში, რომ ბათუმურ სახლებზე ისტორიები შევაგროვო და დიდი, დარაბებიანი ოთახი კერძო მუზეუმითვის გამოვყო. აქ იქნება ბათუმური სახლის ისტორიები, ფოტოები, ფაიფურის საწვნეები, ჩაიდნები, წელში გამოყვანილი სარძევეები, წყლის სურები, მცირე ზომის ფერწერული ტილოები, „ბათუმელების“ მიერ გამოცემული წიგნები ბათუმზე, მოწნული ავეჯი, რომელსაც საუკუნის წინ ბათუმელი კომერსანტები ევროპიდან გემით ეზიდებოდნენ. ეზოში იქნება გვიმრა თიხის ქოთნებით და ოდნავ ნესტის სუნი. ხანდახან თვალს დავხუჭავ და წარმოვიდგენ, რომ სტუმრად მოსულ ტურისტს ერთი ბათუმური ბელეტაჟის ისტორიას ვუყვები, ის კი გამუდმებით იმეორებს – really? ვიცი, თუ ეს გამომივიდა, როგორ იამაყებენ ჩემი შვილები: ანასტასია, მარიშკა და სესილია-ბარბარე. ისინი არასდროს მიყიდიან ამ სახლს დეველოპრებს, რომ მერე შუშებიან კიჩის სახლში იცხოვრონ.
DSC_0123
ფოტოები გადაღებულია მანანა ქველიაშვილის მიერ.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE