როგორ შევქმნათ კლასიკური ინტერიერი – 9 პროფესიონალური რჩევა

0

კლასიკური ინტერიერის თვალიერებისას ყოველთვის ჩნდება შეკითხვა – როგორ შეიქმნა ეს შედევრი? ამ კითხვაზე პასუხს ერთ-ერთი წარმატებული დიზაინერისგან დეტალურად შევიტყობთ.
მოგეხსენებათ, რომ კლასიკური სტილით ინტერიერში დაინტერესებული არიან მოწიფული, სტაბილური ცხოვრების დონის მქონე ადამიანები , რომლებმაც უკვე გაიარეს ექსპერიმენტების პერიოდი. თუკი თქვენი ყურადღებაც სწორედ ამ სტილზე შეჩერდა, მაშინ დავიწყოთ…

1. შთაგონება
გადაშალეთ წიგნები არქიტექტურული სტილის შესახებ და შეარჩიეთ დეტალები, რომლებიც მოგეწონებათ. იქნება ეს სვეტები, არკები, თაბაშირის კარნიზები თუ სხვა.

2. დახმარება
აუცილებლად დაგჭირდებათ ინტერიერის დიზაინის კონსულტანტი, რომელიც კლასიკურ სტილზეა სპეციალიზირებული.

3. კონცეფცია
დიზაინერთან ერთად, პირველ რიგში, უნდა შეიმუშავოთ ზონირების და ავეჯის განთავსების ვარიანტები. აქვე, უნდა გადაწყვიტოთ, დაიცავთ დაგეგმვისას კლასიკურ სიმეტრიებს, თუ დეტალებზე გექნებათ აქცენტი. ასეთ დროს გასათვალისწინებელია ბინის პირველადი იერსახეც.

4. სტილი
თუკი კლასიკურ ინტერიერის სტილს გადავხედავთ, შევნიშნავთ, რომ დროსთან ერთად თითქოს მეორდება და ამავდროულად, უფრო თანამედროვე ხდება. მაგალითად, ამპირი და გოთიკა ერთმანეთს ავსებენ და აგრძელებენ. ინტერიერის ინტერპრეტაციის მხრივ, დელიკატური წვლილის შეტანა ჩვენც შეგვიძლია. ამის უფლებას თავისუფალი ხელოვნება იძლევა.

5. პროპორციები
ეს ძალიან მნიშვნელოვანი ასპექტია, რადგან კლასიკური ინტერიერი დამახასიათებელი იყო მაღალი (3-4 მ.) ჭერის მქონე ოთახებისთვის, რისი შეცვლაც სრულად ვერ მოხერხდა და დღემდე ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა. აქედან გამომდინარე, ხშირად საჭირო ხდება შესაფერისი ავეჯის დამზადება შეკვეთით.

6. ქსოვილები
ქსოვილებით დეკორირებისას მთავარი აქცენტი უნდა გაკეთდეს ერთ ნაკეთობაზე, დანარჩენი ქსოვილი კი მისივე ფერში იყოს. არასასურველია, მოხდეს გამეორება (მაგ. საწოლის გადასაფარებელი და ფარდები – ერთი და იგივე ქსოვილისგან). მაღალი ხარისხის მაჩვენებელია, როცა ინტერიერში გამოყენებულია სხვადასხვა პრინტი (ყვვილები, რომბები, ზოლები, კუბიკები), რაც ძალიან დახვეწილად და გემოვნებიანად უნდა იყოს შერჩეული.

7. განათება
როგორც წესი, განათება ფერებზე დიდ გავლენას ახდენს. დეკორის შერჩევამდე, ყურადღება მიაქციეთ სინათლის წყაროებისადმი ოთახების მდებარეობას. სამხრეთ-დასავლეთით მდებარე მისაღები ერთ გადაწყეტას მოითხოვს, ხოლო ჩრდილო-აღმოსავლეთით განთავსებული – სრულებით სხვას. გაითვალისწინეთ ისიც, რომ დიდ ოთახებში სინათლის ჩამრთველები რამდენიმე ადგილას უნდა მდებარეობდეს.
თუკი ინტერიერი თბილ ფერებშია გადაწყვეტილი, რეკომენდირებულია ცივი განათების შერჩევა. გარდა ამისა, მრავალდონიანი ჭერისკენ მიმართული განათება ოთახს სიმაღლის ეფექტს შემატებს.

8. სააბაზანო
თუკი კლასიკური ინტერიერის განსახიერება გსურთ, მომრგვალებული სააბაზანოს შერჩევისგან თავი შეიკავეთ. ფილები შეარჩიეთ სტილთან შეხამებით, თუმცა უფრო თამამად, ვიდრე მისაღებში.

9. როდის ითვლება ინტერიერი დასრულებულად
ყველაფერი გამომდინარეობს პირველადი ამოცანიდან – თუკი კლასიკური სტილის მკაცრად დაცვა გვსურს, დიზაინერის რჩევები მეტად უნდა გავითვალისწინოთ. მაგრამ არსებობს ინტერიერის ვარიანტები, რომლებიც სტილთა ნაზავია და ბინაში ინდივიდუალურ, შემოქმედებით გარემოს ქმნის და ახალი ნივთების დამატების საშუალებასაც იძლევა. მნიშვნელოვანია ისეთი პროფესიონალების გულდასმით მუშაობა, როგორებიც არიან დიზაინერი, მშენებელი და მენეჯერები. ასეთ შემთხვევაში, შრომა ნამდვილად გამოიღებს შესაბამის ნაყოფს.

კომენტარები

კომენტარი

CLOSE
CLOSE